ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი ვითარდება ალკოჰილის მიღების შეწყვეტისას. აბსტინენციის დროს პაციენტებს უვითარდებათ უეცარი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარღვევები. მკვეთრად შეიმჩნევა ავადმყოფის სწრაფვა ალკოჰოლისადმი, ადამიანის მთავარი მიზანი ალკოჰოლის მოპოვება და მისი მიღებაა, დამახასიათებელია გუნება - გაწყობის უეცარი ცვლილებები, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ეჭვიანობა, ზედაპირული ძილი, პაციენტებს აღენიშნებათ, სისუსტე ოფლიანობა, ტაქიკარდია, პირის სიმშრალე, თავისა და გულის ტკივილი, ტრემორი. ნარკოტიკული აბსტინენციის დროს ყველაფერი ვლინდება უფრო მკაფიოდ: მრისხანება, ღვარძლიანობა, უძილობა, შემცივნება, ტაქიკარდია, ტრემორი, ანორექსია. ვითარდება კრუნჩხვები, ძლიერი ტკივილები სახსრებში, კუნთებში, ხერხემალში ("ლომკა"). ავადმყოფები შფოთავენ, ტირიან. მდგომარეობას ახასიათებს სხვადასხვა სახის ფსიქოზის განვითარება, აბსტინენციის მდგომარეობაში პაციენტები განწყობილნი არიან თვითმკვლელობისადმი. აუცილებელია ასეთი ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია და სტაციონარული დახმარების გაწევა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მდგომარეობის გაუარესება და მძიმე შედეგები.