ნაღველკენჭოვანი დაავადება

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში ჩნდება კენჭები. დაავადება მიზეზთა სიმრავლით გამოირჩევა, მათ შორისაა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი ცვლილებები, ქოლესტაზი - ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბება, ხელშემწყობ ფაქტორებს კი მიუეკუთვნება ზოგადი თანმხლები დაავადებები, მაგალითად, ანთება, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და სხვა. მემკვიდრეობითი განწყობა, ხანგრძლივი შიმშილი,  მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის სქესიც, ქალებს ნაღველკენჭოვანი დაავადება მამაკაცებზე 5-6-ჯერ ხშირად ემართებათ. ასევე რასა, რადგან  ნაღველკენჭოვანი დაავადება თეთრკანიანების დაავადებად მიიჩნევა.

სიმპტომები

დაავადების განვითარების ალბათობა იმატებს 40 წლიდან. ნაღველკენჭოვანი დაავადება არცთუ იშვიათად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადების ნიშნები თავს მაშინ იჩენს, როდესაც კენჭი იწვევს ანთებას ან ნაღვლის ბუშტის ან ნაღვლის საერთო სადინარს ახშობს. ნაღველკენჭოვანი დაავადების სიმპტომებად ითვლება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც ბეჭისა და კისრის არეში გადაეცემა, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა. თუ პროცესი მწვავეა, შესაძლოა, ტემპერატურამაც მოიმატოს. ღებინება ავადმყოფს შვებას არ ჰგვრის.

მკურნალობა

ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობა ოპერაციულია. ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის ნალექი, წვრილი კრისტალების შეჯგუფება ან წმინდა ქოლესტერინული ანუ რბილი ქვა, რომელიც ადვილად იშლება.