პანარიციუმი

პანარიციუმი (საწერელა) ეწოდება ხელის, იშვიათად ფეხის თითების ქსოვილთა მწვავე ჩირქოვან ანთებას. არსებობს პანარიციუმის კანის, კანქვეშა, ფრჩხილის, მყესის, ძვლის, სახსრის ფორმები.

გამომწვევი მიზეზები

თითის ქსოვილებში ანთების გამომწვევი მიკრობები უმთავრესად კანიდან ხვდება. პანარიციუმის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ხილული ტრავმა, ისე მიკროტრავმა (ნაჩხვლეტი, ნაკაწრი და სხვა). პანარიციუმის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ავიტამინოზი, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლა.

მკურნალობა

კანის პანარიციუმის განვითარებისას ჩირქოვანი პროცესი ლოკალიზდება ეპიდერმისსა და კანის შრეს შორის. ტკივილი აღმოცენდება თითის განსაზღვრულ უბანში. დათვალიერებისას ჩანს მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც სავსეა მოყვითალო ჩირქით ან მღვრიე, სისხლიანი სითხით. მკურნალობის პროცესში ბუშტუკს ხსნიან, აშორებენ დაზიანებულ ეპიდერმისის ნაწილს და ადებენ მალამოს ნახვევს. რაც შეეხება კანქვეშა პანარიციუმს, ჩირქი გროვდება ფალანგის კანქვეშა შრეში. პირველი ნიშანია ფალანგის დაზიანებული არის მკვეთრი, მოპულსირე ტკივილი. აღინიშნება მკვეთრი შესივება, სიწითლე, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. თითი ნახევრად მოხრილია. ფალანგზე შეხებაც კი ძალიან მტკივნეულია. მკურნალობისთვის ტარდება გაკვეთა, და შესაბამისი დამუშავება. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის მიზეზი კი  ზოგჯერ ინფექციაა, რომელიც ქსოვილში ნაჩხვლეტი ჭრილობიდან ხვდება, ზოგჯერ კი ის ფრჩხილქვეშა ჰემატომის (სისხლჩაქცევის) დაჩირქების შედეგად ვითარდება. ფრჩხილის ქვეშ ჩირქის დაგროვება მის აცლას და ამოვარდნას იწვევს. დეფექტის არეში განვითარებული ქსოვილი ეპითელიზაციას განიცდის, ფრჩხილის არეში კი იზრდება ახალი, მაგრამ ხშირად დეფორმირებული ფირფიტა. ფრჩხილქვეშა პანარიციუმის დროს ზოგჯერ საკმარისია ანთების მიზეზის (ხიწვის, ეკლის) ამოღება, თუმცა ამისთვის ფრჩხილის კიდის მოკვეთაა საჭირო. უნდა მოხდეს ფრჩხილქვეშა ჩირქის დრენირება. ზოგჯერ საჭიროა მთელი ფრჩხილის ან მისი ნაწილის აცლაც. მკურნალობის სირთულის მიუხედავად, საბოლოო შედეგი პაციენტთა უმრავსელობისთვის დამაკმაყოფილებელია.