დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, მეცნიერებმა იციან, რომ სიმსივნე ყალიბდება კონკრეტულ უჯრედებში, რომლებსაც ქრომაფინის უჯრედებს უწოდებენ. ქრომაფინის უჯრედები მოთავსებულია თირკმელზედა ჯირკვლის ცენტრალურ ნაწილში. ეს უჯრედები წარმოაქმნიან და ათავისუფლებენ ზოგიერთ ჰორმონს, უმეტესად, ადრენალინს და ნორადრენალინს.
სამედიცინო ჩარევის გარეშე ფეოქრომოციტომამ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ზიანი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებზე, ეს განსაკუთრებით ეხება გულისისხლძარღვთა სისტემას. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია 20 - 50 წლის ასაკის პაციენტებში. ქირურგიული ამოკვეთა, როგორც წესი, სისხლის მაღალ წნევას ნორმისკენ აბრუნებს.