ზოგჯერ ღვიძლის დაზიანების მიზეზი ინფექციური მონონუკლეოზი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ამებური დიზენტერია ან შემაერთებელი ქსოვილის სისტემური პათოლოგიაა, რომელსაც ჰეპატიტი გართულების სახით დაერთვის. ყველაზე ხშირად კი ვირუსებით გამოწვეული ვირუსული ჰეპატიტები გვხვდება. ცნობილია ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის 7 ტიპი - A, B, C, D, E, F, G. ორგანიზმში შეჭრილი ჰეპატიტის ვირუსები სისხლის საშუალებით მთელ სხეულში ცირკულირებენ, ბოლოს კი ღვიძლში იდებენ ბინას. იქ ისინი პირდაპირ ჰეპატოციტებში იჭრებიან და ეს უკანასკნელნი ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, რადგან უჯრედის ძირითადი ორგანოები ვირუსისთვის იწყებენ მუშაობას - ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ნაცვლად ვირუსის ცილებისა და რნმ-ს სინთეზს აწარმოებენ. ვირუსები ნელ-ნელა გამოდიან დაზიანებული უჯრედებიდან და ჯანმრთელს უტევენ. ასე გრძელდება, ვიდრე ღვიძლში მობინადრე ვირუსი მთლიანად არ დააზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს და მას ავთვისებიან უჯრედებად არ გადააგვარებს.