გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა

გულის უკმარისობა არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გულს უნარი არ შესწევს, ორგანოები და ქსოვილები მათი ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ოდენობის სისხლით მოამარაგოს. თავდაპირველად გული ნებისმიერ ვითარებაში აწვდის ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო ოდენობის სისხლს, თუმცა ამისთვის საჭირო ხდება ყველა საკომპენსაციო მექანიზმის მობილიზება. თანდათან ეს მექანიზმები დატვირთვას ვეღარ უძლებს და სუსტდება. ვითარდება გულის უკმარისობა. თავდაპირველად ის მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება, მოგვიანებით კი - მოსვენების დროსაც.

გამომწვევი მიზეზები

მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა მისი უეცარი და მკვეთრი გადაძაბვის შედეგად ვითარდება. მიზეზი შეიძლება იყოს ტოტალური კრუპოზული პნევმონია, ბრონქული ასთმა, პლევრიტი, გულმკერდის დეფორმაცია, ფილტვის ინფარქტი, გულის თანდაყოლილი მანკი.

სიმპტომები

გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის დროს სისხლი სწრაფად გუბდება ვენურ სისტემასა და ღვიძლში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დიდდება. აღმოცენდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და შეშუპება. ამასთან ერთად, აღინიშნება ძლიერი ქოშინი, გულმკერდში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი, ძლიერი სისუსტე, კისრის ვენების შებერვა, არტერიული წნევის დაქვეითება.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტების  მიღებას ან გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში გულის ტრანსპლანტაციას.