არასტაბილური სტენოკარდია

სტენოკარდია გულის კუნთის ხანმოკლე, შექცევადი იშემიით გამოწვეული სინდრომია, რომელიც გამოიხატება ტკივილით ან დისკომფორტით გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით (ტკივილის გავრცელებით) ქვედა ყბაში, მხარში, ზურგში, ეპიგასტრიუმში, ან ხელში. როცა სისხლძარღვებში სისხლი მცირე რაოდენობით გაედინება, გულის კუნთს აკლდება ჟანგბადი, ვითარდება შეუსაბამობა გულის მუშაობასა და ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო სისხლით მომარაგებას შორის. ამ დროს გული გზავნის სპეციალურ სიგნალებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, სწორედ ამ სიგნალს ეწოდება სტენოკარდია. აღნიშნული მდგომარეობის განვითარებას მრავალი მიზეზი აქვს, მაგალითად, მოწევა, ჭარბი წონა და ა.შ

სიმპტომები

არასტაბილური სტენოკარდიის დროს თავს იჩენს გულის ძლიერი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ თავისთავად გაივლის, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მეორდება. ტკივილს თან სდევს ცივი ოფლი, ავადმყოფს ეუფლება ძლიერი სისუსტე, სიკვდილის შიში, კარდიოგრამაზე შეინიშნება ინფარქტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, მაგრამ ინფარქტი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

სტენოკარდიული შეტევა ზოგჯერ ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, ამ დროს უეცრად ვითარდება ძლიერი საერთო სისუსტე, დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, ქოშინი, სრულიად უმიზეზოდ იწყება შემაწუხებელი ხველა, რომელსაც ვერანაირი საშუალება ვერ ხსნის.

სტენოკარდიისა და ინფარქტის უტკივილო ფორმა უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს უვითარდებათ, ამიტომ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ და უეცარი დისკომფორტიც კი განგაშის სიგნალად მიიჩნიონ.

მკურნალობა

არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში. წლების გნმავლობაში შემუშავდა მკურნალობის ორი სტრატეგია. დროული ჩარევის შემთხვევაში ორივე მათგანი საკმაოდ ეფექტური და შედეგიანია. პაციენტების მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან მოკლე ხანში უმჯობესდება.