ერიზიპელასი

ერიზიპელასი იგივე "წითელი ქარი" ანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური დაავადებაა. კერძოდ, მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული ანთება ახასიათებს. დაავადება უმთავრესად ქვედა კიდურებს ან სახეს აზიანებს. წითელი ქარი უფრო მეტად ქალებს ემართებათ, მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცებთან აგრესიულობით გამოირჩევა.

გამომწვევი მიზეზები

წითელი ქარის მთავარი მიზეზი სტრეპტოკოკული ინფექციაა. სახეზე ლოკალიზაციისას გამომწვევი უმეტესად A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკია, ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას - სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები. სტრეპტოკოკის ტოქსინები იწვევს მწვავე ანთებას, რაც ამ დაავადებისთვის პათოგნომურია. იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად აღმოაჩენენ ინფექციის კერაში. არ არის გამორიცხული დაავადების გავრცელება ადამიანებისგან, რომლებიც ჰემოლიზური სტრეპტოკოკის მატარებელნი არიან.

სიმპტომები

დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6-7 დღეა, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე საათამდეც შემცირდეს. ზოგჯერ დაავადების დასაწყისს წინ უძღვის საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება შესაბამის კიდურში, რეგიონული ლიმფური კვანძების მტკივნეულობა. უმეტესად კი დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, შეცივნებით, საერთო სისუსტით, ზოგჯერ - გულისრევითა და ღებინებით, პირველსავე საათებში შეინიშნება ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე-მდე. მძიმე შემთხვევაში ავადმყოფს ცნობიერება ებინდება, ბოდავს, ხშირად აღებინებს, პულსი და სუნთქვა უხშირდება. პაციენტთა უმრავლესობას უდიდდება ღვიძლი და ელენთა.

მკურნალობა

წითელი ქარის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, ჯერადობაზე (პირველადია, განმეორებითი თუ რეციდივი), ინტოქსიკაციის გამოხატულებაზე ადგილობრივი ნიშნების ხასიათსა და გართულებების არსებობა-არარსებობაზე. პაციენტთა უმრავლესობაში მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.