ჰიპერტენზია

ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს. არტერიული წნევის მომატებას უჩივის ზრდასრული მოსახლეობის 20-30%. ასაკთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულებთან 50-60%-ს აღწევს.

გამომწვევი მიზეზები

არტერიული წნევის ციფრების მომატებას დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა. იპერტონიული დაავადება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ფუნქციურ ცვლილებებთან, რომლებიც პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ, სისხლის წნევის, რეგულაციაზე. ჰიპერტენზიის განვიტარება დაკავშირებულია გულზე ადრენალინის (სტრესის ჰორმონის) გაძლიერებულ ზემოქმედებასთან: გული იკუმშება უფრო სწრაფად, გადმოისვრის მეტი რაოდენობის სისხლს და არტერიული წნევა იმატებს. ამიტომ ფსიქიკური გადაძაბვა ჰიპერტენზიის განვითარების ერთ-ერთ რისკფაქტორად არსი მიჩნეული. გარდა ამისა მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორებიც მემკვიდრეობითი განწყობა, ასაკი და ზოგი სხვა ბიოლოგიური მაჩვენებელი, ჭარბი წონა, არარაციონალური კვება  უმოძრაო ცხოვრების წესი, მცირე ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს წევა, სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა, შრომისა და დასვენების არასწორი მონაცვლეობა, სოციალური გარემო, თირკმლისა და მისი სისხლძარღვების დაავადებები და სხვა.

მკურნალობა

არტერიული ჰიპერტენზიის დადგენისას, წესისამებრ, ტარდება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის, კრეატინინის, კალიუმის შემცველობა. ტარდება ექოკარდიოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის, არტერიული ჰიპერტენზიის გართულებათა გათვალისწინებით საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები, რასაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს. სწორი და დროული მკურნალობით შესაძლებელია ჰიპერტენზიის დამარცხება და ცხოვრების ჩვეული რიტმით გაგრძელება.