ამჟამად ცნობილია C ვირუსის 6 გენოტიპი და რამდენიმე ქვეტიპი. C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება ძირითათადად სისხლის მეშვეობით ხდება, ისეთი მჭრელი ნივთების საშუალებით, რომლებსაც მანამდე ინიფცირებულის სისხლთან ჰქონდა კონტაქტი. ასეთი ნივთი უმეტესად საერთო შპრიცია, რომელსაც ნარკომანები ინტრავენური ინექციისთვის იყენებენ, თუმცა შესაძლებელია დასნებოვნება პირსინგისა და ტატუირების ინსტრუმენტების, სამართებლის, მანიკიურის იარაღების და კბილის ჯაგრისის მეშვეობითაც კი.
მწვავე C ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავე C ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება კანისა და სკლერების სიყვითლე,შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი, ასევე საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში.
საბედნიეროდ, დაავადების მკურნალობა მედიკამენტებისა თუ სხვა სამედიცინო საშუალებების გამოყენებით სავსებით შესაძლებელია.