პოლიციტემია (ვაკეზის დაავადება, ერითრემია)
პოლიციტემია ქრონიკული ლეიკემიაა და სისხლის სისტემის კეთილთვისებიან სიმსივნეთა რიცხვს მიეკუთვნება. დაავადების დამახასიათებელი ნიშანია სიმსივნის ჩაზრდა სისხლწარმოქმნის ყველა შტოში, განსაკუტრებით ერითროიდულში, რასაც თან სდევს ერითროციტების, ჰემოგლობინის, მოცურკულარე სისხლის მასისა და სიბრალნტის, სისხლის შედედების უნარის მომატება. განასხვავებენ დაავადების 3 სტადიას: საწყისს, განვითარებულს (ერითრემიულს) და ტერმინალურს. საწყის სტადიაში ავადმყოფი უჩივის თავის დამძიმებას, ყურებში ხმაურს, თავბრუხვევას, ადვილად დაღლას, შრომის უნარის დაქვეითებას, კიდურების გაცივებას, ძილის დარღვევას. განვითარებულ ანუ გაშლილ სტადიაში კლინიკური სიმპტომატიკა უფრო მკვეთრია. ყველაზე გავრცელებული ნიშანია თავის ტკივილი, რომელიც ზოჯერ შაკიკის შეტევას ჰგავს და თან სდევს მხედველობის დარღვევა. ბევრი უჩივის გულის ტკივილს, რომელიც ზოგჯერ სტენოკარდიის მსგავსია. ასევე დამახასიათებელია ძვლების ტკივილი, ტკივილი ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, გახდომა, მხედველობისა და სმენის დარღვევები, განწყობის ცვალებადობა. კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია კანის ქავილი. შესაძლოა, თითის წვერებში წარმოიშვას შეტევის მსგავსი ტკივილი, რომელსაც თან სდევს კანის შეწითლება.