დიაბეტური რეტინოპათია
დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის გართულებაა, რომელიც აზიანებს თვალებს. დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბადურის მკვებავი მცირე ზომის სისხლძარღვების დახშობა, რის შედეგაც ბადურას არასაკმარისი სისხლი მიეწოდება. ამ პროცესის დასარეგულირებლად თვალი ცდილობს ახალი სისხლძარღვის წარმოქმნას, თუმცა ახალი სისხლძარღვები არასწორად ყალიბდება და ახასიათებთ გაჟონვა. ხშირ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი გამოვლინებებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო შედეგი შესაძლოა სიბრმავე იყოს. დიაბეტური რეტინოპათიის რისკის ქვეშ არიან პირველი და მეორე ტიპის დიაბედით დაავადებული პაციენტები. ამიტომ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სისხლში შაქრის შემცველობის მუდმივი კონტროლი.