მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი
მაჯის გვირაბის, იმავე კარპული არხის სინდრომის პირველი გამოვლინებაა თითებში დაბუჟების შეგრძნება. პაციენტები უჩივიან პირველი, მეორე, მესამე თითების და მეოთხე თითის იმ ნაწილის დაბუჟებას, რომელიც მესამე თითისკენ იხურება. კარპულ არხში გადის თითების მომხრელი კუნთების მყესები და ამ მყესებს ზემოდან ადევს შუათანა ნერვი. აღნიშნული ნერვი კი აინერვირებს სწორედ პირველ, მეორე, მესამე თითებს და მეოთხე თითის იმ ნაწილს, რომელიც მესამე თითისკენ იხურება. ზემოდან კარპული არხის კედელს წარმოადგენს თითების მომხრელი კუნთების მყესების დამჭერი იოგი. ეს იოგი ანატომიურად იცავს იმ მყესებს, რომლებიც თითების მოხრაში მონაწილეობს. იოგი, პრაქტიკულად, ზემოდან არის გადაჭერილი და მდგრადობას ანიჭებს მყესებს. ამის გამო მოხრის დროს ეს მყესები ზემოთ არ ვარდება. ფაქტობრივად, ხდება ფიქსაცია, ანატომიურად კი ერთგვარი გვირაბი იქმნება. დროთა განმავლობაში ეს გვირაბი ვიწროვდება, ზეწოლას ახდენს შუათანა ნერვზე და დასაბამს აძლევს კარპული არხის სინდრომს. ეს უკანასკნელი შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკურმა ფაქტორებმა, ტრავმამ, მტევნის ინტენსიური დატვირთვის გამო ასაკთან ერთად განვითარდეს ან ამა თუ იმ პროფესიული დაავადების შედეგი იყოს.