ღრმა ვენების თრომბოზი

ღრმა ვენების თრომბოზი ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება, აქ სისხლის შეგუბება უფრო ხშირია. ქვედა კიდურებისკენ სისხლი სიმძიმის ძალით მიედინება, გულისკენ მის უკუდინებას კი რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - გულის შემწოვი ფუნქცია. განსაზღვრულ როლს ასრულებს დიაფრაგმის მოძრაობა, რაც გულმკერდის ღრუში უარყოფით წნევას წარმოქმნის, მუცლის ღრუს წნევა, სისხლძარღვების ტონუსი, წვივის კუნთების შეკუმშვა-მოდუნება. პერიფერიიდან სისხლის უკუდინებისთვის აუცილებელია ვენის სარქვლების გამართული მუშაობა: როცა სისხლი პერიფერიული ვენებიდან გულისკენ მიედინება, სარქველი ქოლგისებურად იშლება და მას უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს, ქვემო კიდურებში სისხლი გუბდება, რასაც შესაძლოა თრომბოზი მოჰყვეს.

გამომწვევი მიზეზები

ვენებში თრომბების წარმოქმნას მრავალი  ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: სისხლის შედედების სისტემის დარღვევა, ინტოქსიკაცია და ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სისხლის ნაკადის შეგუბება, ტრავმები და მოტეხილობები.

სიმპტომები

რას უჩივის ავადმყოფი და რა სახის ცვლილებები აღენიშნება მას ვენების თრომბოზის დროს, დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე. მაგალითად, წვივის ვენების თრომბოზის დროს შუპდება ტერფი, კოჭ-წვივის სახსარი და წვივი. წვივის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც ტერფის მოძრაობისას ძლიერდება.. თეძო-ბარძაყის ვენის თრომბოზს ახასიათებს ტკივილი წელისა და გავის არეში. ძლიერი შეშუპება, რომელიც კიდურიდან ზოგჯერ სათესლე პარკზე, დუნდულა კუნთსა და მუცლის წინა კედელზეც ვრცელდება. ქვედა ღრუ ვენების თრომბოზის დროს კი აღინიშნება ქვედა კიდურების, სასქესო ორგანოებისა და მუცლის წინა კედლის შეშუპება. მუცლის წინა კედელზე მოჩანს მკვეთრად გაგანიერებული ზედაპირული ვენები.

მკურნალობა

ვენების თრომბოზის მკურნალობის მიზანია თრომბოზის გავრცელების შეჩერება, თრომბის მოწყვეტის და მაგისტრალურ სისხლძარღვებში მისი მოხვედრის პროფილაქტიკა, ვენის გამავლობის აღდგენა, თუ დაავადების მიმდინარეობა ავთვისებიანი არ არის და მკურნალობა დროულად დაიწყო, შედეგი საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.