საინკუბაციო პერიოდი თვეობით, წლობით გრძელდება და ექინოკოკის ბუშტის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. თავის ტვინსა და ფილტვებში ლოკალიზაციის დროს კლინიკური ნიშნები უფრო ადრე ვლინდება. სიმპტომები იმის მიხედვით ვითარდება, თუ რომელ ორგანოში ჩამოყალიბდება ექინოკოკური ბუშტი. ღვიძლის ექინოკოკოზის საწყის ეტაპზე შეიმჩნევა სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდის ქვეშ, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, პერიოდულად - სუბფებრილური ტემპერატურა. ღვიძლი გადიდებულია, ზოგჯერ - საგრძნობლად. ფილტვის ექინოკოკოზს საწყის ეტაპზე არავითარი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს. კისტის გადიდებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლის შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა და ქოშინი. დიდი ზომის კისტამ შესაძლოა გულმკერდს ფორმა შეუცვალოს. არცთუ იშვიათად ვითარდება პნევმონია და პლევრიტი. ექინოკოკების მიერ თავის ტვინის დაზიანებას ავლენს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება. ექინოკოკური ბუშტის ზრდის კვალდაკვალ ეს მოვლენები უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, განვითარდეს დამბლა, პარეზი, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები.
ექინოკოკოზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა ქირურგიული ჩარევაა, რითაც საგრძნობლად უმჯობესდება პაციენტთა უმრავლესობის ჯანრმთელობის მდგომარეობა.