ლაბირინტიტი შიგნითა ყურის ანთებითი დაავადებაა. ლაბირინტი მდებარეობს შიგნითა ყურის სიღრმეში და შედგება სამი ნახევარწრიული არხისგან, რომლებსაც წონასწორობის კონტროლირება აკისრია. შიგნითა ყურის ამ სტრუქტურების ანთება უმეტესად ვირუსული ბუნებისაა, გაცილებით იშვიათად - ბაქტერიული.
ლაბირინტიტი ხშირად იწვევს თავბრუხვევას, რომელიც ზოგჯერ იმდენად მძიმეა, რომ გულისრევასა და ღებინებასაც კი განაპირობებს. ლაბირინტიტის მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ყველაზე ხშირად დაავადების პროვოცირებას იწვევს ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (გაციება, გრიპი). იშვიათად ლაბირინტიტის მიზეზად იქცევა შუა ყურის ინფექცია, კიდევ უფრო იშვიათად - ე. წ. ბაქტერიული ინფექცია. ლაბირინტიტის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია თავბრუხვევა.
ლაბირინტიტის დროს თავბრუხვევა აღმოცენდება მოულოდნელად და, ჩვეულებრივ, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის გადატანიდან 1-2 კვირის შემდეგ. წესისამებრ, თავბრუხვევა თანდათანობით (რამდენიმე დღეში ან კვირაში) გაივლის, მაგრამ ერთი თვის შემდეგ (ან უფრო გვიან) თავის მკვეთრ, უხერხულ მოძრაობას შესაძლოა ხელახალი შეტევა მოჰყვეს. ლაბირინტიტის სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური.
იშვიათად, როცა ლაბირინტიტის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, სმენის დაქვეითებამ შესაძლოა მუდმივი ხასიათი მიიღოს. ჩვეულებრივ, ლაბირინტიტის სიმპტომები თავისთავად გაივლის.
თუ დაავადების მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, წესისამებრ, ინიშნება ანტიბიოტიკები. ვირუსული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით არ ხდება. ლაბირინტიტის მედიკამენტური მკურნალობა ჰგავს მენიერის დაავადების მკურნალობას - იგი წარმოადგენს სიმპტომურ თერაპიას, რომელიც დაავადების გამოვლინებათა შესამცირებლად არის მიმართული.