პერიკარდიუმის ღრუში სითხის დაგროვების მიზეზი შეიძლება იყოს:პერიკარდიტი, გულის სეროზული გარსის ანთება, - როგორც სიმსივნური, ასევე ურემიული და იდიოპათიური გენეზისა, ტუბერკულოზი, ანტიკოაგულანტების გამოყენება ნებისმიერი სახის მწვავე პერიკარდიტის ფონზე, ჰემოფილია, აორტის ანევრიზმის განშრევება, ასევე, სისხლის ჩაღვრა (იგივე ჰემოპერიკარდი) გულის ტრავმის, გახეთქვის დროს (მაგალითად, ინფარქტის შემთხვევაში), ორგანოზე წარმოებული ქირურგიული ოპერაციების შედეგად, ამა თუ იმ სახის ჭრილობის გამო - მაგალითად, კათეტერიზაციის, ანგიოგრაფიის ან ბიოფსიის დროს.
გულის ტამპონადის ნიშნებია გულის მოყრუების საზღვრების გადიდება, პარადოქსული პულსი, ფილტვებში შეგუბების არარსებობა, რენტგენოსკოპიის დროს გულის პულსაციის შესუსტება, გულის ჩრდილის გადიდება და სპეციფიკური ელექტროგრაფიული მონაცემები.
როგორც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, გულის ტამპონადა დაუყოვნებლივ მკურნალობას - პერიკარდიოცენტეზს - საჭიროებს. პერიკარდიოცენტეზი პერიკარდიუმის პუნქციასა და ღრუდან სითხის ასპირაციას (ამოქაჩვას) გულისხმობს. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა პაციენტს აძლევს საშუალებას დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.