შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება ხასიათდება ნიშნებითა და სიმპტომებით, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ კომბინაციას სხვა დააავადებების დროს არსებული სიმპტომებისა, როგორიცაა მგლურა, სკლეროდერმა და პოლიმიზოიტი.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების განვითარების მიზეზი უცნობია, იგი მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს. შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების შემთხვევაში იმუნური სისტემა ებრძვის ბოჭკოებს, რომლებიც ასრულებენ ორგანოების ადგილზე დაფიქსირებისა და ნორმალური მოძრაობის ფუნქციას. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ რომელი ცილებით ებრძვის იმუნური სისტემა ამ დროს ორგანიზმს.

სიმპტომები

დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, რადგან სხვადასხვა დაავადებების სიმპტომები ეპიზოდურად ჩნდება წლების განმავლობაში. ადრეული ნიშნები და სიმპტომები ვლინდება ხელებზე, თითების შესიება, თითის წვერების გათეთრება და მგრძნობელობის დაკარგვა. მოგვიანებით ფაზებში, შესაძლოა დაზიანდეს ისეთი ორგანოებიც, როგორებიცაა ფილტვი, გული და თირკმელი. გარდა ამისა, დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა და მცირე ცხელება, ცივი, მგრძნობელობა დაკარგული ხელის და ფეხის თითები, რაც დამახასიათებელია რეინოს ფენომენისთვის. სიცივის ან სტრესის დროს თითები თეთრდება ან ლურჯდება, გათბობის შემდეგ კი წითელ ფერს იძენს, გარდა ამისა აღინიშნება კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მათი შესაძლო დეფორმირებით, რაც დამახასიათებელია რევმატოიდული ართრიტისთვის, ხშირად პაციენტებს უჩნდებათ გამონაყარი, წითელი ან მოწითალო, თითებზე შესაძლებელია გაჩნდეს მოყავისფრო ლაქებიც.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ  შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების განკურნების მეთოდი არ არსებობს, განვითარებული მედიცინა საშუალებას იძლევა სწორი მედიკამენტური მკურნალობით გაკონტროლდეს დაავადების ნიშნები და სიმპტომები.