ყურის ბაროტრავმა

ყურის ბაროტრავმა შუა ყურის დაზიანებაა, რაც ძირითადად ატმოსფერული წნევის რყევების შედეგად არის გამოწვეული. დაავადება გავრცელებულია მფრინავებში და წყალში მყვინთავებში. ატმოსფერული წნევის მომატების დროს, თუკი იგი დროულად არ გათანაბრდა შუა ყურში სასმენი მილის გავლით, დაფის აპკი ჩაიზნიქება, ხოლო დაქვეითების დროს - გამოიბერება. ატმოსფერული წნევის მკვეთრი რყევები გადაეცემა დაფის აპკს და სასმენი ძვლების ჯაჭვის გავლით შიგა ყურს და უარყოფითად მოქმედებს მის ფუნქციაზე. ბაროტრავმას შესაძლოა ახლდეს ასევე დაფის აპკის გასკდომა.

სიმპტომები

ბაროტრავმის მომენტში შეიგრძნობა მკვეთრი დარტყმა ყურში და ძლიერი ტკივილი. აღინიშნება სმენის დაქვეითება, ზოგჯერ თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში. დაფის აპკის გასკდომის დროს აღინიშნება სისხლდენა გარეთა სასმენი მილიდან. ოტოსკოპიით ჩანს ჰიპერმია, სისხლჩაქცევა დაფის აპკში, ზოგჯერ მისი გასკდომა. 

მკურნალობა

 თუკი ადგილი არა აქვს დაფის აპკის გასკდომას, მაშინ გარეთა სასმენ მილში შეჰყავთ სტერილური ბამბის ნაჭერი. დაფის აპკის გასკდომის დროს საჭიროა ფრთხილად სულფანილამიდური ფხვნილის შებერვა ან ანტიბიოტიკების, ყურზე სტერილური ნახვევის დადება.