ტროქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის. საშოს ტრიქომონადა ერთუჯრედიანი, ოვალური ან მსხლის ფორმის მიკროორგანიზმია. ის ადამიანის შარდსასქესო გზებში ბინადრობს და ანთებით პროცესებს იწვევს დაავადების გავრცელება ძირითადად სქესობრივი კონტაქტის დამყარებით ხდება თუმცა არ არის გამორიცხული სხვაგვარად ინფიცირებაც. მაგალითად, დაავადებულის მიერ ახლად გამოყენებული სველი ღრუბლის ან პირსახოცით სარგებლობისას. ადამიანის შარდსასქესო გზებში ან სასქესო ორგანოში მოხვედრილი ტრიქომონადები სწრაფად ეკვრიან მათ ზედაპირზე მდებარე უჯრედებს, მრავლდებიან და მასპინძლის უჯრედებს აზიანებენ. სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესებით გამოწვეული ცვლილებების გამო ტრიქომონიაზი არცთუ იშვიათად უშვილობის მიზეზი ხდება. მამაკაცის ორგანიზმში ტრიქომონადები იწებებენ სპერმატოზოიდებს და შთანთქავენ გლუკოზას, რომელიც აუცილებელია სასქესო უჯრედების მოძრაობისთვის და ამით მათ განაყოფიერების უნარს ართმევენ.
ქალები ძირითადად უჩივიან შემდეგ სიმპტომებს, საშოდან მოთეთრი, ქაფიანი გამონადენი, რომელსაც აქვს დამახასიათებელი სუნი, გარეთა სასქესო ორგანოების გაწითლება და შეშუპება, რასაც თან ახლავს ქავილისა და წვის შეგრძნება. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. მამაკაცებში უპურატესად ზიანდება შარდსადენი მილი, რის გამოც მათ აწუხებთ წვა და ტკივილი შარდვის დროს. დაავადების ქრონიკულ ფორმას ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით. გამწვავების პროვოცირება შეუძლია სხვადასხვა ფაქტორს. მაგალითად, ზოგად ან გინეკოლოგიურ დაავადებას, გაციებას ან სასქესო ორგანოების არასწორ ჰიგიენას.
ტრიქომონიაზის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული არ არის ორსულად. აუცილებელია სექსუალური პარტნიორის მკურნალობაც. მკურნალობა საშუალოდ 14 დღე გრძელდება.