ბალანოპოსთიტი

გამომწვევი მიზეზები

ბალანოპოსთიტი სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთებაა, რომლის განვითარებასაც ხელს იწყობს სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, საფუარის სოკოები და იშვითად სქესობრივი კონტაქტი. განასხვავებენ მწვავე, ეროზიულ და განგრენოზულ ბალანოპოსთიტს.


სიმპტომები

მარტივი ბალანოპოსთიტი ხასიათდება სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის სიწითლით, შეშუპებითა და მაცერაციით, ზედაპირული იზოლირებული და ერთმანეთთან შერწყმული ეროზიების შემდგომი წარმოქმნით, ჩირქოვანი გამონადენით. ეროზიული ბალანოპოსთიტი გამოირჩევა მკვდარი ეპითელის თეთრი გაფუებული უბნების წარმოქმნით, შემდეგ კი მსხვილი კაშკაშა წითელი ფერის მტკივნეული ეროზიებით, პერიფერიაზე მაცერაციით. პროცესი შესაძლებელია გართულდეს ფიმოზით. ხშირად აღინიშნება მტკივნეული რეგიონალური ლიმფანგიტი და საზარდულის ლიმფადენიტი. მარტივი და ეროზიული ბალანოპოსთიტის რეგრესის შემდეგ ნაკვალევი არ რჩება. განგრენოზული ბალანოპოსთიტი მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი სისუსტით. წარმოიქმნება ღრმა მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულები, სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის მკვეთრი შეშუპებისა და სიწითლის ფონზე. როგორც წესი, ვითარდება ფიმოზი, შესაძლებელია მოხდეს ჩუჩის პერფორაცია. წყლულები ნელა ხორცდება.

მკურნალობა

ბალანოპოსთიტის ყველა შემთხვევის დროს საჭიროა გამოირიცხოს სიფილისი. დაავადების მკურნალობა შესაძლებელია პირადი ჰიგიენის დაცვით და ზოგადი თუ ადგილობრივი დარღვევების გამოსწორებით.