დე კერვენის თირეოიდიტი

თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა. ყველაზე ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ქვემწვავე ანთება იგივე დე კერვინის თირეოდიტი და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული აუტოიმუნური ანთება. დე კერვინის თირეოდიტი ფარისებრი ჯირკვლის შემოფარგლული ანთებითი დაზიანებაა. იგი გვხვდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებთან, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

გამომწვევი მიზეზები

ქვემწვავე თირეოიდიტის მიზეზად მიჩნეულია ვირუსული ინფექცია, როგორიცაა ყბაყურას ვირუსი, ადენოვირუსები და სხვა. მდგომარეობა ძირითადად ინფექციური დაავადებების გადატანიდან ორი კვირის შემდეგ ვლინდება.

სიმპტომები

ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ზომიერი გადიდება და ანთებითი რეაქცია. პროცესში ჩართულია ფარისებრი ჯირკვლის კაფსულაც, რაც დაზიანებული მიდამოს მტკივნეულობას განაპირობებს. დაავადება იწყება სწრაფად, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით კისრის წინა ნაწილში იქ, სადაც ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ტკივილი ხშირად გადაეცემა ყურების, ყბებისა და კეფისკენ. დამახასიათებელია ჩიყვის გაჩენა მტკივნეული წარმონაქმნის სახით. ყლაპვა ხშირად გაძნელებულია. ძლიერი საერთო სისუსტისა და შრომის უნარის მკვეთრი დაქვეითების გამო ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.

მკურნალობა

ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობის მეთოდებს შორის ყველაზე ეფექტურია თერაპია გლუკოკორტიკოიდული პრეპარატებით. მდგომარეობა მკურნალობის პირველსავე დღეებში უმჯობესდება და თითქმის ყველა შემაწუხებელი მოვლენა ქრება, მაგრამ თერაპია უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ორგანიზმის მდგომარეობა ჩვეულ ნორმას არ დაუბრუნდება.