პეჯეტის დაავადება

დაავადებაა, რომელსაც ძვლების ნორმალური რემოდელირების პროცესის დარღვევა ახასიათებს. ჯანსაღი ძვლები განუწყვეტლივ განახლდება, განსაზღვრული ბიოლოგიური მექანიზმები კი უზრუნველყოფს, რომ ძვლის ქსოვილის განახლების პროცესი არ იყოს მეტისმეტად ინტენსიური და პირიქით, ძველი ძვლები მეტისმეტად ჭარბად არ დაიშალოს. ძვლოვანი სისტემის მუდმივი განახლება, რასაც მედიცინაში რემოდელირებას უწოდებენ, აუცილებელია ორგანიზმისთვის.

გამომწვევი მიზეზები

პეჯეტის დაავადების დროს ძვლების რემოდელირების მექანიზმი დარღვეულია, სათანადოდ არ არის დაბალანსებული. ძვლები დიდდება, მათი სიმკვრივე კი ქვეითდება, ძვლები თხელდება და ადვილად ტყდება. პეჯეტის დაავადება (სხვაგვარად - მადეფორმირებელი ოსტეიტი) ზრდასრულ ადამიანებს ემართებათ. პეჯეტის დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია. უკანასკნელი მონაცემებით, ის ხშირია განსაზღვრული გენების, კერძოდ, მე-5 ქრომოსომაზე 1-ელი გენის სეკვესტროსომის არსებობისას. 

სიმპტომები

პეჯეტის დაავადება უმეტესად არავითარ სიმპტომს არ იწვევს და მას შემთხვევით აღმოაჩენენ ამა თუ იმ მიზეზით (მაგალითად, ტრავმის გამო) ჩატარებული რენტგენოგრაფიის დროს. იშვიათად პეჯეტის დაავადებას თან ახლავს დაზიანებული ძვლების ტკივილი, დეფორმაცია, მოტეხილობა, ართრიტი. უმეტესად ზიანდება ხერხემალი, ბარძაყის ძვალი, მენჯი, თავის ქალა, ლავიწის ძვალი, მხრის ძვალი.